სანტიაგო დე კომპოსტელა - ქალაქი, რომლის გზებს კათედრალამდე მიჰყავხარ
ამ ქალაქს სახელწოდება ისეთი აქვს, სულ გგონია ადამიანზე საუბრობ; სახელად სანტიაგო, გვარად - კომპოსტელა. განწყობასაც შესაბამის გიქმნის, გინდა რომ ელაპარაკო, აზრი ჰკითხო, ხანდახან ეწუწუნო კიდეც. მისგან შორს წასული კი სულ გრძნობ, რომ თავისთან გიხმობს, გეძახის. ალბათ ამიტომაც, საშობაოდ, მასთან კიდევ ერთხელ დავბრუნდი.
თუ ამ ქალაქზე ინფორმაციას მოიძიებთ, აუცილებლად გაიგებთ, რომ ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და პორტუგალიის სამეზობლო რეგიონის, გალისიის დედაქალაქია. მისკენ, უძველესი დროიდან დღემდე, პილიგრიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიემართებიან საბოლოო წერტილის - მისი კათედრალის მოსანახულებლად, სადაც, გადმოცემით, წმინდა მოციქულის, იაკობის ნეშტი განისვენებს.
ამ ქალაქში, წელიწადის ნებისმიერ დროს, საკმარისია რამდენიმე დღით მოხვდე და რომელიმე ფეხით მომავალი მგზავრი თქვენც აუცილებლად გკითხავთ, ეს გზა კათედრალამდე თუ მიმიყვანსო.
ერთადერთი გამონაკლისი, როგორც ამბობენ, შობაა. ამ დროს ძალიან ცოტა ადამიანი მოგზაურობს ფეხით. თუმცა, აქაური საშობაო განწყობა მაინც მათ ირგვლივ ტრიალებს, რადგან ეს ქალაქი მისია, ვინც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, თუნდაც რამდენიმე დღე მასთან მისასვლელად გაიარა, ვინც ახლა გეგმავს ან მომავალში გადაწყვეტს დაადგეს გზას, რომელიც, როგორც დაკვირვებული ხალხი ამბობს, აუცილებლად გაქცევს სულ ცოტათი უკეთესად.
სანამ მეც ფეხით მოსიარულეთა რიგებში გადავალ, მანამდე, საშობაოდ მორთულ ძველ ქალაქზე გიამბობთ. ძალიან ფრთხილად და მორიდებით განათებულზე. აქ, თითქოს, ყველას კარგად ესმის, რომ სულ მცირე გადამეტება აქაურ იდუმალებას დაარღვევს, ამიტომაც ყველაფერი პირიქითაა; სადღესასწაულო დეკორაციები ქუჩების, შენობების და გზების მხოლოდ ირიბი დამატებაა, რომლებიც ნათებით არასოდეს აჭარბებენ მთავარს და მარადიულს.
ალბათ საშობაო განწყობაც ასეთი უნდა იყოს, გეფიქრება აქ ყოფნისას და ამის დასტური ყოველ ნაბიჯზე გხვდება. აი, მაგალითად ქრისტეს დაბადება, რომელიც, ტაძრებში, ამბებად და გაცოცხლებულ ფიგურებად გადმოცემული გხვდება და ბავშვებთან ერთად შენც ხდები ამ დიდი მხიარულების ნაწილი. ან თანამედროვე მხატვრების შესრულებული ფერადი ილუსტრაციები, რომლებსაც, შებინდებისას, კათედრალის კედელთან მოკალათებულმა შეგიძლია უყურო. აქ თვალში აუცილებლად მოგხვდება საშობაო ყვავილებით მორთული შენობები, რომლებსაც მხოლოდ გაფორმებისთვის და მცირე ხნით არ იყენებენ. თუ კარგად დააკვირდები, ნახავ, რომ საგულდაგულოდ ჩარგულები და მოვლილები არიან. ამ აღმოჩენის შემდეგ იმასაც შეამჩნევ, რომ მცენარეეებს განსაკუთრებულად ეპყრობიან. მოვლა და უხვი წვიმაა აქაური ულამაზესი მწვანე სივრცის მთავარი მიზეზი, რომლის ბინადარი მცენარეებიც საშობაოდ განსაკუთრებულ ელფერს იძენენ და აქ სეირნობასაც არაფერი სჯობია.
ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევა შეიძინე აქ.
იმოგზაურე, ჩვენ დაგაზღვევთ!
ავტორი: თაკო როდონაია