საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, საინვესტიციო გარემო, გაზრდილი ტვირთბრუნვა, გამოწვევები, მათი მოგვარების გზები, დაზღვევა - როგორც სატრაპსორტო ინდუსტრიის საყრდენი - ეს იყო მთავარი თემები კონფერენციაზე „რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიის მდგრადობა - გამოწვევები და შესაძლებლობები“.
ღონისძიება „ჯიპიაი ჰოლდინგის’ ორგანიზებით, ევროკავშირთან და ევროპული ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.
ღონისძიება სიტყვით ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტიმ გახსნა. დელეგატებს ჰქონდათ შესაძლებელობა, გაცნობოდნენ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებულ კვლევას - „შავ ზღვაზე რეგულარული გადაზიდვების მიზანშეწონილობის შესახებ“. კვლევის მონაცემები ევროკავშირის დელეგაციის წევრმა, ხალიდ ბიჩუმ წარმოადგინა. კვლევაც ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი დიდია თუმცა არსებობს ბარიერები: ტარიფები, ლოჯისტიკური სისტემა, ინფრასტრუქტურა და საბაჟო მომსახურება - ეს არის გამოწვევები, რომელის მოგვარებასაც ევროკავშირი საქართველოსგან ელის.
სატრანზიტო დერეფნის გამართულად ფუქციონირებისთვის ასევე აუცილებელია რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ერთადერთი მექანიზმი კი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიებს ფინანსურ ზარალს ააცილებს, დაზღვევაა. „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ კონფერენციის მონაწილეებს სატრანსპორტო ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე საკუთარი ხედვა გააცნო.
დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართეს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა , მარიო ესკობარიმ.
🛳2022 წელს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 12, 4 მილიონი ტონა შეადგინა, კონტეინერებისამ კი 477, 094 TEU რაც გასულ წელათან შედარებით, 18,9 %-ით მეტია. ეს ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებია, რომელიც უწყებამ კონფერენციაზე წარმოადგინა.
კონფერენციაში მონაწილეობა 120 -ზე მეტმა დელეგატმა მიიღო. მათ შორის იყვნენ , ევროკავშირის დელეგაციის წევრები, წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციიდან და სატრანზიტო და სადაზღვევო ინდუსტრიდან.